1. იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:
2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი.
3. ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ბაბილონში.
4. იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელს გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
5. უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ.
6. თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
7. ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად.
8. წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს;
9. წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად.
10. მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა.
11. თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე:
13. წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გაიკეთე მის ნაცვლად.
14. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ.
15. უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
16. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ.
17. და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.