1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:
2. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი.
3. რადგან, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან - ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, და დაიმკვიდრებენ მას.
4. ეს სიტყვებია, რომელნიც ილაპარაკა უფალმა ისრაელზე და იუდაზე.
5. სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის.
6. იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?
7. ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა.
8. იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი.
9. დაემორჩილებიან უფალს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.
10. შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი; ნუ ფრთხი, ისრაელ, რადგან აჰა, დავიხსნი შენ თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ, და აღარ იქნება დამაფრთხობელი.
11. რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
12. რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.
13. არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.
14. ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულთბენ შენს ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.
15. რატომ გაკვნესებს შენი ჭრილობა, უკურნებელი სატკივარი? შენი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი.
16. და მაინც შეიჭმებიან შენი შემჭმელები, შენი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი. აოხრდებიან შენი ამაოხრებლები, გავაძარცვინებ შენს მძარცველებს.
17. ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.
18. ასე ამბობს უფალი: აჰა, დავაბრუნებ იაკობის კარვებისგან წარტაცებულს და შევიწყალებ მის დაბებს; აშენდება ქალაქი თავის მიწაყრილზე და სასახლე თავის ადგილზე დაფუძნდება.
19. გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.
20. იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემს წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს.
21. მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი.
22. იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები.
23. აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა აღიძრა, ქაბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ.
24. არ განელდება უფლის ცეცხლოვანი რისხვა, ვიდრე არ აღასრულებს, არ აახდენს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
25. იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.