1. გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
2. არ ესმოდათ არც მას, არც მის მორჩილებს, არც მდაბიო ხალხს უფლის სიტყვები, რომელსაც იერემია წინასწარმეტყველის ხელით აცხადებდა იგი.
3. მიუგზავნა მეფე ციდკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და სოფონია მაყასეს ძე, მღვდელი, იერემია წინასწარმეტყველს, შეუთვალა: შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.
4. მაშინ თავისუფლად მიდი-მოდიოდა იერემია, ჯერ კიდევ არ დაემწყვდიათ საპყრობილეში.
5. ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.
6. იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი;
7. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ შესაკითხად: აჰა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში, დაბრუნდება ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა.
8. მობრუნდებიან ქალდეველები, შეუტევენ ამ ქალაქს, აიღებენ და ცეცხლში დაწვავენ.
9. ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, უეჭველად გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან.
10. კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გიტევთ, და მხოლოდ დაჭრილებიღა დარჩნენ მათგან თავ-თავის კარვებში, ისინი მაინც წამოდგებიან და გადაწვავენ ამ ქალაქს.
11. როცა ქალდეველთა ლაშქარი ფარაონის ლაშქრის შიშით გაეცალა იერუსალიმს,
12. დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ ხალხში წილი დაედო.
13. ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან გადადიხარო!
14. მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა.
15. გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი.
16. როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ,
17. გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები.
18. უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს, სატუსაღოში რომ ჩამაგდეს?
19. სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო?
20. ახლა ისმინე, მეფე-ბატონო, მოგწვდეს ჩემი მუდარა: ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში მოსაკვდავად.
21. ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.