1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -
2. ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზგ, რომელიც იდგა მდინარე ევფრატის პირას, ქარქემიშში და რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს:
3. გაამზადეთ ფარები და მუზარადები და საბრძოლველად გადით!
4. შეკაზმეთ ცხენები და ზედ მოახტით, მხედრებო! მოდექით თავჩაჩქიანებო, წვერი წაუმახეთ შუბებს და ჯავშნით შეიმოსეთ!
5. რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
6. ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან.
7. ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს?
8. ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს.
9. ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!
10. დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.
11. ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!
12. ხალხებმა გაიგონეს შენი ხმა, აავსო მიწა შენმა კივილმა, როცა ძლიერი შეეჯახა ძლიერს და ორივენი ერთად დაეცნენ.
13. სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა იერემია წინასწარმეტყველს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის დამარცხებაზე.
14. გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!
15. რატომ დამხობილა შენი ძლიერი და ვეღარ დგება? უფალმა ჩამოაგდო.
16. გაამრავლა წაფორხილებულნი, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექი და დაბრუნდი შენს ხალხთან და შენს სამშობლო ქვეყანაში, თავი აარიდე სასტიკ მახვილს.
17. დაარქვეს სახელად ფარაონს, ეგვიპტის მეფეს ხმაური. გაეპარა მას დათქმული ჟამი.
18. ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.
19. მოამზადე საყარიბო ბარგი, ეგვიპტელო ასულო, რადგან უდაბნოდ იქცევა ნოფი, გადაიხრუკება, გაუკაცურდება.
20. შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის.
21. მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.
22. გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება.
23. გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი.
24. შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში.
25. ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ.
26. ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი.
27. შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი.
28. ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.