1. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
3. ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
4. მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
5. ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
6. მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის.
7. გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას.
8. დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.
9. შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.
10. თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
11. ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.
12. მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.
13. გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
14. მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
15. ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.
16. ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.
17. სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
18. ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს.
19. თეფშები, მარწუხები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმეველები, საწდები, რაც ოქროსი და ვერცხლის იყო, გაზიდა ქონდაქართუხუცესმა.
20. ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.
21. თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.
22. სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.
23. ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.
24. წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი.
25. ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.
26. წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში.
27. დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან.
28. აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი.
29. ნაბუქოდონოსორის მეჩვიდმეტე წელს იერუსალიმიდან რვაას მეტი სული.
30. ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული.
31. იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.
32. კეთილად ელაპარაკა მას და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მას ახლდნენ ბაბილონში.
33. გამოიცვალა სატუსაღო სამოსი და სულმუდამ მის წინაშე ჭამდა პურს, ვიდრე ცოცხალი იყო.
34. შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.