1. თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.
2. ლამაზს და განაზებულს, მოვსპობ სიონის ასულს.
3. მასთან მივლენ მწყემსები ჯოგებითურთ, კარვებს დასცემენ მის გარშემო, თავ-თავიანთ ნაკვეთებში დამწყესავენ.
4. განემზადეთ საბრძოლველად მის წინააღმდეგ, აღდექით და დავიძრათ შუადღისას! მაგრამ ვაი ჩვენს თავს, იწურება დღე, დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
5. აღდექით და დავიძრათ ღამით, გავანადგუროთ მათი დარბაზები!
6. რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით.
7. როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ.
8. ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!
9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, მოიმცვრიონ ვენახივით ისრაელის ნატამალი! გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრებისკენ!
10. ვის ველაპარაკო და დავიმოწმო, რომ მისმინოს? აჰა, დაუცვეთელი ყურები აქვთ და არ შეუძლიათ ყურის გდება. აჰა, საცინლად აუგდიათ უფლის სიტყვა, აღარ მოსწონთ.
11. ავსებული ვარ უფლის რისხვით, მეტის ატანა აღარ შემიძლია. გადმოანთხიე ქუჩაში ბავშვებზე და ჭაბუკთა გუნდზე. რადგან ქმარს ცოლითურთ შეიპყრობენ და ჭარმაგს ხანდაზმულთან ერთად.
12. სხვებს გადაეცემა მათი სახლები, ყანები და ცოლები, როცა ხელს შევმართავ ამ ქვეყნის მკვიდრებზე, ამბობს უფალი.
13. რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.
14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.
15. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
16. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.
17. მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს.
18. ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ.
19. ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს.
20. რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა.
21. ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.
22. ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვა ერი ჩრდილო ქვეყნიდან, დიდძალი ხალხი აღდგება ქვეყნის კიდეებიდან.
23. ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო!
24. გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.
25. ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!
26. ჩემი ერის ასულო! შეირტყი ჯვალო და ნაცარი დაიყარე თავზე, გამართე გოდება მხოლოდშობილზე, მწარე გლოვა, რადგან ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი.
27. გამომკვლევად დაგადგინე ჩემს ერში და გამომცდელად, რომ ამოწმებდე და იკვლევდე მათ გზებს.
28. ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან.
29. ქშინავს საბერველი, ტყვია მთლიანად შთაინთქა ცეცხლში, მაგრამ ამაოდ გადაიდნო, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
30. დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა.