1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:
2. დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
3. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.
4. ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
5. თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,
6. არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
7. მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.
8. თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.
9. ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
10. მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.
11. ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
12. აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.
13. ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,
14. რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
15. მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე.
16. შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
17. განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?
18. შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
19. განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.
20. ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
21. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.
22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
24. არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ.
25. იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.
26. მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.
27. ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ.
28. უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.
29. თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
30. რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.
31. ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
32. ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.
33. ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.
34. გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.