1. ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!
2. მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.
3. უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
4. ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.
5. სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.
6. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის?
7. წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.
8. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.
9. მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ.
10. ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
11. სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს.
12. ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.
13. აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ.
14. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,
15. გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ.
16. ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
17. იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან.
18. რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!
19. აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! მიიღოს თქვენმა ყურმა მისი ბაგის წარმონათქვამი! ასწავლეთ თქვენს ასულებს გლოვა და ერთმანეთს - გოდება.
20. რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.
21. თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი.
22. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
23. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.
24. აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -
25. ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.