1. როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,
2. მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
3. შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
4. შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს.
5. შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.
6. შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.
7. გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.
8. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.
9. მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
10. ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.
11. ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.
12. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
13. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.
14. არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.
15. დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.
16. გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ.
17. მოუტანეს ამბავი იესოს: ნაპოვნია ხუთი მეფე, მაკედას გამოქვაბულში იმალებიანო.
18. თქვა იესომ: მიაგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ.
19. თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა.
20. როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,
21. მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ.
22. თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
23. ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
25. უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.
26. მერე დახოცა ისინი იესომ და ხუთ ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე.
27. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე.
28. იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
29. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
30. ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
31. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.
32. ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში, მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა, როგორც ლიბნას.
33. მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.
34. გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა.
35. აიღო ყეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
36. აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
37. აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
38. დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.
39. ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
40. მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
41. მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე.
42. ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის.
43. დაბრუნდა იესო მთელს ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს.