1. ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და
2. ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს - ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
3. არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
4. ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.
5. შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
6. რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
7. მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
8. თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან - ეფრემიანებს.
9. ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.
10. სამხრეთი ეფრემისაა, ჩრდილოეთი მენაშესი; ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს.
11. ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
12. ვერ დაისაკუთრეს მენაშეანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები.
13. როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, აყრით კი არ აუყრიათ.
14. ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
15. უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
16. თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ.
17. ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს.
18. მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.