1. შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
2. შვიდი შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო.
3. უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ?
4. თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
5. შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით.
6. აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
7. ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენს შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
8. ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში.
9. წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით შვიდ ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილოამის ბანაკში.
10. უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
11. ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით: წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის.
12. იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში.
13. აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.
14. უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე, ბეთ-ხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით, და წყდება კირიათ-ბაყალთან ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა.
15. სამხრეთი მხარე იწყება კირიათ-იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთოახის წყაროებამდე.
16. ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით, და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით, და ისევ ეშვება ყენ-როგელამდე.
17. უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ-შემეშში, მიდის გელილოთისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, და ეშვება რეუბენის ძის, ბოჰანის, ქვასთან.
18. ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში.
19. გადის საზღვარი ბეთ-ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან, იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი.
20. იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებითურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.
21. ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი;
22. ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთ-ელი;
23. ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა;
24. ქეფარ-ყამონაი, ყოფნი და გაბა - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ.
25. გაბაონი, რამა და ბეეროთი;
26. მიცფე, ქეფირა და მოცა;
27. რეფემი, ირფეელი და თარალა;
28. ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.