1. მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.
2. უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
3. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.
4. ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს კუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.
5. ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანევი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.
6. დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში.
7. მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო; მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმა, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კრვებში ისტუმრებდა მათ.
8. ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.
9. გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.
10. მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.
11. გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.
12. გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
13. გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
14. გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
15. მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
16. ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება: რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად.
17. განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?
18. ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელს საზოგადოებას.
19. თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია; ჩვენს შორის დაისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ; ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ.
20. განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო.
21. მიუგეს რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა და ელაპარაკნენ ისრაელის ათასეულთა თავკაცებს.
22. ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს: დღესვე დავიღუპოთ, თუ უფლის გასაჯავრებლად და მის საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე;
23. თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებიოს აღსავლენისთვის საძღვნოდ თუ სამადლობელი მსხვერპლისათვის, თავად უფალი იყოს განმკითხავი.
24. თუ თავის დასაზღვევად არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისათვის: რა საქმე გაქვთო უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
25. საზღვროდ იორდანე დაგიდოთ უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენიანებო და გადიანებო. არა გაქვთო წილი უფალში. აუკრძალავენ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს უფლისადმი მოწიწებას.
26. ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის,
27. არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენსა და თქვენს შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
28. ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენსა და თქვენს შორის.
29. როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.
30. გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
31. უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.
32. გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.
33. მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ.
34. უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი (მოწმე), რადგან მოწმე არისო იგი ჩვენს შორის, რომ ღმერთია უფალი.