1. მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან, და მოხუცდა იესო, ხანში შევიდა.
2. მოუხმო იესომ მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
3. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა.
4. ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ, იორდანედან მოყოლებული, და ყველა ხალხი, რომელიც აღვგავე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
5. თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.
6. მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
7. ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ.
8. არამედ უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, როგორც დღემდე იქცეოდით.
9. უფალმა აჰყარა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები, დღემდე არავინ ყოფილა, რომ თქვენ გაგმკლავებოდათ.
10. ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
11. ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
12. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
13. იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
14. აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
15. როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
16. თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.