1. თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.
2. უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
3. წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.
4. მივეცი ისაკს იაკობი და ესავი; მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი თავისი შვილებითურთ ეგვიპტეში ჩავიდა.
5. გავგზავნე მოსე და აარონი და ვგვემე ეგვიპტე სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში. მერე ამოვიყვანე ისინი.
6. ამოვიყვანე ეგვიპტიდან თქვენი მამა-პაპა და მოადექით ზღვას; ედევნებოდნენ ეგვიპტელები თქვენს მამა-პაპას ეტლებითა და ცხენებით მეწამულ ზღვამდე.
7. შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი.
8. მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.
9. ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად.
10. მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან.
11. გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.
12. კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.
13. მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.
14. მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
15. თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.
16. პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური.
17. რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ეს დიადი სასწაულები ჩვენს თვალწინ, ის გვიფარავდა მთელს გზაზე, სადაც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გაგვივლია.
18. განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის.
19. უთხრა იესომ ერს: ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.
20. თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ.
21. უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ.
22. უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ.
23. მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.
24. უთხრა ერმა იესოს: უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.
25. დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26. ჩასწერა იესომ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27. უთხრა იესომ მთელს ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
28. გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29. ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა.
30. დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31. ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
32. იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
33. მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას.