1. ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა, და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
2. სამი დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი,
3. დაარიგეს ხალხი და უთხრეს: როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით.
4. ოღონდ ორი ათასი წყრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან; ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.
5. უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს.
6. ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.
7. უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.
8. შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.
9. უთხრა იესომ ისრაელიანებს: ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები.
10. თქვა იესომ: ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს.
11. აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს.
12. ახლა, ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის შტოთაგან, თითო კაცი თითო შტოდან.
13. როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება.
14. როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.
15. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),
16. დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
17. უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.