1. ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკეტილი იყო ისრაელიანთათვის, ვერვინ გამოდიოდა იქიდან და ვერვინ შედიოდა იქ.
2. უთხრა უფალმა იესოს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს.
3. ირგვლივ შემოუარეთ ქალაქს ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია. ერთხელ დაარტყით წრე. ასე აკეთეთ ექვსი დღის მანძილზე.
4. შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს.
5. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით.
6. დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.
7. უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.
8. როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.
9. იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.
10. ხალხს ასე უბრძანა იესომ: ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით-მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას.
11. შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა.
12. ადგა დილაადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
13. შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს.
14. მეორე დღესაც ერთგზის შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში. ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
15. მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდგზის შემოუარეს ქალაქს; მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს შვიდჯერ ქალაქს.
16. მეშვიდე ჯერზე, როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი.
17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.
18. ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
19. მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
21. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
22. იმ ორ კაცს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, უთხრა იესომ: მიდით მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის ქალი და მისი ყველა შინაური, როგორც დაჰპირდით.
23. წავიდნენ მსტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს.
24. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
25. მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.
26. მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
27. უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.