1. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
2. ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
3. ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
4. ასე უბრძანა მათ: იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით.
5. მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ.
6. უკან გამოგვყვებიან და ასე გამოვიტყუებთ ქალაქიდან; რადგან იფიქრებენ, მაშინდელივით გაგვირბიანო. და ჩვენც გავექცევით.
7. მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8. როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ.
9. გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.
10. ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს.
11. მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.
12. გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
13. მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე.
14. როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან.
15. თითქოს დამარცხდნენო, უდაბნოსკენ უკუიქცა მათგან იესო და მთელი ისრაელი.
16. ყიჟინა დასცა ქალაქში მყოფმა ხალხმა და უკან დაედევნა მათ, დაედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს.
17. კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.
18. უთხრა უფალმა იესოს: ჰაღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი, ხელში რომ ეჭირა, იესომ ქალაქს.
19. საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი.
20. უკან მოიხედეს ჰაღაელებმა და დაინახეს, რომ კვამლი ასდიოდა ქალაქს. გასაქცევი ადგილი არ დარჩათ, არც აქეთ, არც იქეთ. უდაბნოში გაქცეული ხალხი უკან გამოენთო მდევრებს.
21. დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს და კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს.
22. ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
23. ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიჰგვარეს.
24. როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე, უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი, და ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი.
25. ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ თორმეტი ათასი სული - კაცი და ქალი.
26. იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი.
27. მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის.
28. გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
29. ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30. მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31. როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი.
32. იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.
33. მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი.
34. ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში.
35. არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად.