1. ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის მთელს სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ - ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა,
2. ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს.
3. გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
4. და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
5. ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო.
6. მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელს ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
7. უთხრა ისრაელმა ხივიელს: იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ? როგორ დაგიდო აღთქმა?
8. უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
9. მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
10. ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
11. გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა: აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ-თქო.
12. ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული.
13. ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე.
14. გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.
15. ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც.
16. სამი დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან.
17. დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.
18. არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.
19. უთხრეს თავკაცებმა მთელს საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია.
20. ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ.
21. უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელს საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა.
22. დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.
23. დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
24. მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.
25. აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. როგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი.
26. ასე მოექცა იესო: დაიფარა ისინი ისრაელიანთაგან და ვერ დახოცეს.
27. დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.