1. ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
2. სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი ეჯავრება იგი.
3. ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია.
4. სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით არის.
5. ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს.
6. ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება.
7. ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.
8. გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
9. ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
10. გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს.
11. ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
12. ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
13. სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.
14. გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
15. სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
16. ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.
17. ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია.
18. სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი.
19. უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი - მართლის კარიბჭეებთან.
20. ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს.
21. თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.
22. ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ.
23. ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.
24. ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა.
25. ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს.
26. უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
27. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.
28. ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.
29. სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
30. მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
31. ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
33. სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.