1. გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
2. კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.
3. შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.
4. უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
5. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
7. თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
8. უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.
10. მეფის ბაგეზე მისნური სიტყვაა, მისი პირი არ შესცოდავს სამსჯავროზე.
11. სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
12. ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
13. მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
14. მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას.
15. მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
16. სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.
17. მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.
18. დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
19. ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.
20. საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
21. გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
22. სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
23. ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
24. ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
25. არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
26. მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
27. უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
28. უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29. მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს.
30. ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
31. დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
32. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
33. წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.