1. ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
2. გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
3. ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
4. ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს.
5. ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
6. მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
7. უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები.
8. ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება.
9. დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
10. გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
11. უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
12. უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
13. სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
14. დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
15. ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
16. ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
18. უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
19. ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
20. გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
21. ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
22. მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
23. ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
24. გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება.
25. ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
26. არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის.
27. მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია.
28. მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად.