1. თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება.
2. ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
3. ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი - სირცხვილი.
4. კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5. არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე.
6. ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
7. ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
8. ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
9. საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
10. უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
11. მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას.
12. შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
13. მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14. კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
15. გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
16. ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17. პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას.
18. კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს.
19. განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს.
20. კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
21. სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
22. ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
23. ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.