1. უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.
2. არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.
3. ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.
4. სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის.
5. ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.
6. ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
7. ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა-ვედრება არ გადის მათთან.
8. სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.
9. ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
10. ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.
11. გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
12. მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.
13. მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
14. სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის.
15. სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.
16. მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.
17. ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.
18. დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.
19. ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა.
20. მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
21. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.
22. კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია.
23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.
24. ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.
25. თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას.
26. ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.
27. როდემდის უნდა გესმოდეს, შვილო, დარიგება და განაგდებდე შეგონების სიტყვებს?
28. უკუღმართი მოწმე სამსჯავროს აბუჩად იგდებს და ბოროტეულთა პირი სიცრუეს ყლაპავს.
29. ზნეწამხდარისთვის მზად არის მსჯავრი და ბრიყვთა ზურგისთვის - ცემა-ტყეპა.