1. ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
2. მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს.
3. შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
4. ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
5. კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.
6. ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?
7. მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!
8. მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს.
9. ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
10. მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
11. ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
12. ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.
13. ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.
14. ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება.
15. მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა.
16. აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.
17. სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი.
18. გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
19. ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
20. დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
21. თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.
22. ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის.
23. უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი.
24. უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25. კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა.
26. ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
27. კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი.
28. მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
29. ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა.
30. ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს.