1. ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
2. ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
3. რაღა მდაბიორი, ღარიბ-ღატაკებს რომ ავიწროვებს, და რაღა თავსხმა წვიმა, პური რომ არ მოჰყავს.
4. რჯულის გამტეხნი ბოროტეულს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ეწინააღმდეგებიან.
5. უკეთურნი ვერ ხვდებიან სამართალს, უფლის მაძიებლებმა კი ყველაფერი იციან.
6. უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაუკუღმართ მდიდარს.
7. რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.
8. ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.
9. ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.
10. ვინც წრფელებს აცთუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
11. მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.
12. მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
13. ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
14. ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.
15. რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.
16. უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
17. კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში იქნება, რათა არ შეიპყრონ.
18. უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
19. თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.
20. ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
21. პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.
22. შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.
23. მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი.
24. ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია.
25. სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.
26. საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.
27. ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება.
28. როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან.