1. სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:
2. კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია.
3. ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
4. ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?
5. უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
6. ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.
7. ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:
8. სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,
9. რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
10. მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
11. არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
12. არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.
13. არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
14. არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
15. წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
16. შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
17. მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
18. სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია:
19. ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი.
20. ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.
21. სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია:
22. გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა,
23. საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.
24. აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
25. ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ;
26. კურდღლები მაგრები არ არიან და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ;
27. კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან.
28. ხვლიკი ხელით შეიპყრობა, მაგრამ მეფის სასახლეებშია.
29. ეს სამნი თამამად დააბიჯებენ, ეს ოთხნი თამამად დადიან:
30. ლომი - ცხოველთა მეუფე, გზაზე რომ არავის ჩამოეცლება;
31. დარახტული ცხენი, ჯიხვი და მეფე თავისი ამალით.
32. თუ შენ შენი ამპარტავნობით სისულელე ჩაიდინე ან თუ ავი განიზრახე, პირზე მიიფარე ხელი.
33. რძის ჯანჯღარით კარაქი გამოდის, ცხვირში ჯანჯღარით სისხლი გამოდის, ბრაზის ჯანჯღარით ჩხუბი გამოდის.