1. ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
2. რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?
3. ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს.
4. არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
5. თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.
6. მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
7. შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
8. გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
9. გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
10. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
11. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.
12. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.
13. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით;
14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური.
15. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს.
16. იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის:
17. ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს.
18. გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება.
19. ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს.
20. ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის.
21. მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი.
22. ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.
23. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის.
24. მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს.
25. ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.
26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.
27. თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.
29. მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.
30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.
31. მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.