1. შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის,
2. მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით.
3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.
4. თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას.
5. იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
6. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
7. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.
8. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.
9. როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
10. მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
11. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
12. უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
13. თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
14. ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
15. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
18. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
21. სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,
22. მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
24. რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
25. გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
26. რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი.
27. თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?
28. თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?
29. ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.
30. არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია;
31. წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
32. ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.
33. ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
34. რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს.
35. არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.