1. შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.
2. დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული - თვალისჩინივით.
3. მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე.
4. უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას მეგობარი უწოდე.
5. რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
6. როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე,
7. დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი.
8. ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.
9. მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში.
10. და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.
11. ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება;
12. ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული;
13. აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება:
14. სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო.
15. ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც.
16. ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი.
17. დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე.
18. წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ.
19. რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული;
20. ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ.
21. შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
22. იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.
23. ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
24. ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
25. ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
26. რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
27. მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.