1. განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?
2. მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი;
3. კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:
4. თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
5. შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.
6. მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
7. ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება.
8. ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში;
9. ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის.
10. მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;
11. რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.
12. მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე.
13. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.
14. ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;
15. ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
16. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
17. მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
18. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
20. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
21. რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.
24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;
25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;
26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;
27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,
28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,
29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,
30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,
31. ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.