1. მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
2. ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის მედავები?
3. კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
4. ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
5. განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები კაცის დღეებივითაა?
6. რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
7. ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
8. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
9. გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!
10. განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
11. ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.
12. სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.
13. ეს გქონდა დაფარული გულში; მივხვდი, რომ ეს შენთან იყო.
14. როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
15. თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
16. წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.
17. განაახლებ მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემს წინააღმდეგ.
18. რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!
19. ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.
20. ხომ დღემოკლე ვარ? დამაყენე, მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც,
21. სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,
22. წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი.