1. ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.
2. რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
3. მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
4. თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
5. დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
6. ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
7. ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?
8. უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით?
9. მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?
10. ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
11. ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე?
12. თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია;
13. დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
14. რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
15. კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
16. ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.
17. გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;
18. აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.
19. ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.
20. ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები:
21. შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.
22. მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.
23. რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა!
24. რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
25. მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?
26. რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;
27. ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;
28. ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.