1. კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
2. ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
3. და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?
4. ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.
5. თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,
6. დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს თავისი დღით.
7. რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება.
8. თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში,
9. წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.
10. მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
11. წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,
12. ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.
13. ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!
14. თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;
15. დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა.
16. თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.
17. დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.
18. მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!
19. ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.
20. ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ.
21. პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება.
22. მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს.