ძველი აღთქმა

იობი

თავი მეთხუთმეტე

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2. ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?

3. უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?

4. შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.

5. რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;

6. შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ,

7. პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?

8. ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?

9. რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?

10. თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი.

11. გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან?

12. საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?

13. რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან?

14. რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?

15. აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!

16. რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!

17. გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე,

18. რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი;

19. მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;

20. იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;

21. შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.

22. იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;

23. ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.

24. აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.

25. რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.

26. ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით

27. რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.

28. მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.

29. ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.

30. ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.

31. ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.

32. უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.

33. როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.

34. რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.

35. მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს.