ძველი აღთქმა

იობი

თავი მეთვრამეტე

1. მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

2. როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.

3. რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?

4. ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?

5. ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;

6. სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;

7. დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;

8. რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;

9. ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;

10. იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;

11. საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;

12. დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;

13. ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;

14. ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან;

15. მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;

16. ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;

17. მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;

18. განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;

19. არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.

20. მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.

21. ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!