ძველი აღთქმა

იობი

თავი მეორე

1. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად.

2. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.

3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.

4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.

5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.

7. გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.

8. აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

11. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.

12. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.

13. ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.