1. მიუგო იობმა და უთხრა:
2. კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:
3. ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.
4. განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო?
5. შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.
6. ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.
7. რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?
8. მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
9. მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;
10. მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;
11. ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;
12. უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;
13. განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;
14. ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;
15. რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?
16. აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან!
17. რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.
18. იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.
19. განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება.
20. მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
21. რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია?
22. განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
23. ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
24. მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
25. ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
26. ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
27. აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.
28. რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
29. შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ:
30. დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
31. ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
32. სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.
33. ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
34. როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.