ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეორე

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2. რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.

3. რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?

4. განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?

5. განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?

6. რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;

7. მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი;

8. მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ;

9. ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.

10. ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;

11. წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?

12. განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!

13. შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?

14. ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.

15. ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?

16. რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.

17. ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?

18. მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა!

19. უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი.

20. ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა!

21. შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება;

22. მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;

23. თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;

24. მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;

25. ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.

26. რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;

27. ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;

28. რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.

29. თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.

30. ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.