ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამესამე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.

3. ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?

4. წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.

5. გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.

6. მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.

7. იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.

8. აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.

9. მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.

10. მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.

11. მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.

12. მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.

13. ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.

14. ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.

15. ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი.

16. ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.

17. ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე!