1. რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
2. ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
3. ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
4. გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
5. აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
6. სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ;
7. შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.
8. მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან;
9. მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;
10. შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;
11. მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ;
12. ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას.
13. ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე.
14. დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
15. მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.
16. ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;
17. რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.
18. მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.
19. გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს;
20. დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
21. ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს!
22. სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია.
23. აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს;
24. მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან!
25. თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს?