1. მიუგო იობმა და უთხრა:
2. როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?
3. რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
4. ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
5. აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
6. გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
7. განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
8. ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
9. შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
10. შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
11. ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;
12. თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;
13. მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
14. აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?