ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამერვე

1. ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;

2. რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.

3. ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;

4. მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;

5. მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;

6. საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!

7. მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც არ დაუნახავს;

8. ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია;

9. კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;

10. კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.

11. მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.

12. სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?

13. მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.

14. უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.

15. არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;

16. არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;

17. ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;

18. არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.

19. ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.

20. საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?

21. უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;

22. ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.

23. ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;

24. რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.

25. როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,

26. როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,

27. მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა.

28. უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.