ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეცხრე

1. განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

2. ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!

3. როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!

4. როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით ჩემს კარავზე!

5. როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ გარს!

6. როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე!

7. როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს!

8. დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;

9. მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;

10. დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;

11. ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;

12. რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;

13. დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;

14. მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;

15. უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;

16. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;

17. ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.

18. მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;

19. ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.

20. კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში.

21. მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე.

22. ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;

23. როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;

24. გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ.

25. გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.