1. მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
2. ალაპარაკდა იობი და თქვა:
3. დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!
4. დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა.
5. მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!
6. ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
7. აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული!
8. შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
9. დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები!
10. რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს!
11. რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?
12. რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?
13. ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!
14. მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
15. ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს.
16. რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს!
17. ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;
18. იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;
19. იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
20. რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
21. სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;
22. უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,
23. კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
24. რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
25. რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
26. აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.