ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეათე

1. დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;

2. რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ.

3. შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში;

4. ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური;

5. ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან;

6. რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;

7. ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;

8. არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;

9. ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;

10. ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,

11. რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.

12. მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;

13. დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;

14. თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;

15. საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;

16. და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;

17. ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;

18. ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;

19. ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;

20. შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ;

21. მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;

22. ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.

23. ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;

24. განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?

25. განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?

26. ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;

27. შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;

28. ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;

29. ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;

30. კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;

31. მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!