1. აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
2. რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
3. განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
4. განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
5. თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი,
6. ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;
7. თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
8. მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
9. თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,
10. მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11. რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული;
12. რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს.
13. თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,
14. რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?
15. განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?
17. ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?
18. (რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).
19. თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,
20. და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
21. თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
22. ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
23. რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
24. თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
25. თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
26. თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
27. იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
29. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!
30. არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.
31. თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?
32. მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.
33. თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!
34. რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.
35. ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
36. ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი!
37. გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
38. თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს,
39. თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს,
40. ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები.