ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეცამეტე

1. აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.

2. აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში.

3. გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;

4. ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.

5. თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!

6. აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.

7. ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ გამძიმებს.

8. ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა:

9. სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;

10. ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო;

11. ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.

12. აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.

13. რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.

14. ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.

15. სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,

16. მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,

17. რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;

18. რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;

19. სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;

20. მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;

21. დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;

22. მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;

23. თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,

24. შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,

25. განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება.

26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

27. ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო.

28. იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.

29. აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს,

30. რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.

31. ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.

32. თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.

33. თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს.