ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

2. ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!

3. რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:

4. ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა არის უკეთესი.

5. კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;

6. მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.

7. თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას?

8. ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?

9. რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?

10. ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!

11. რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.

12. ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!

13. ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?

14. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,

15. ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

16. თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:

17. იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს?

18. ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!

19. ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.

20. წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით;

21. რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს;

22. ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;

23. რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ სამსჯავროზე.

24. ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე.

25. რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან,

26. როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად;

27. რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;

28. რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.

29. როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი?

30. რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს.

31. რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.

32. შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.

33. შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!

34. გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.

35. იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.

36. ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!

37. რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.