1. კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
2. ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
3. რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
4. მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც:
5. ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?
6. რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას?
7. რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს შენგან?
8. მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და ადამის ძეს - შენი სიმართლე.
9. ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან.
10. არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?
11. რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?
12. იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა ამპარტავნობის გამო.
13. ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.
14. თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე.
15. თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს.
16. ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.