ძველი აღთქმა

იობი

თავი ოცდამეჩვიდმეტე

1. ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.

2. უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!

3. მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;

4. მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.

5. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;

6. რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!

7. ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;

8. მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;

9. სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;

10. ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;

11. წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;

12. ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე;

13. თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.

14. ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!

15. თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?

16. თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი?

17. თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?

18. თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?

19. გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.

20. თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას?

21. ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს.

22. ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!

23. ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.

24. ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს.